ჭაბუა ამირეჯიბის განცხადება, ცეკას მდივან ვასილ მჟავანაძეს
ინტერნეტ გვერდი „მატიანე“, აქვეყნებს ჭაბუა ამირეჯიბის მიერ, 1960 წელს, ვასილ მჟავანაძისადმი მიწერილ წერილს. გთავაზობთ, წერილის სრულ ვერსიას. აგრეთვე, იმ საქმის დეტალებს, რომელზეც, მწერალი ცეკას მდივანს აცნობებდა. გთავაზობთ უცვლელად.
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ამხ. ვ. მჟავანაძეს
მოქ. მზეჭაბუკ ირაკლის ძე ამირეჯიბის
მცხ. ქ. თბილისში, ბარნოვის ქ. 167, დაბად. 1921 წ.
გ ა ც ხ ა დ ე ბ ა
1943 წლიდან 1959 წლის დასასრულამდე ვიხდიდი სასჯელს, როგორც პოლიტიკური დამნაშავე. 1959 წელს, უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების თანახმად მივიღე პოლიტიკური რეაბილიტაცია და განვთავისუფლდი.
თბილისში ჩამოსვლისთანავე ხელი მოვკიდე ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1960 წელს გამოვაქვეყნე მოთხრობები ჟურნალ “მნათობში”, “დროშაში”, “საბჭოთა ქალში” და სხვ. “ლიტერატურულ გაზეთში”, გაზეთ “თბილისში” (რეცენზია). დაიდგა ჩემი ტელე-პიესა “ველოსიპედი” ჯერ თბილისის, ხოლო შემდეგ მოსკოვის ტელესტუდიებში. ვმუშაობ აგრეთვე თბილისის ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში ხელშეკრულებით – სცენარისტად და ქრონიკალური ფილმების ტექსტების ავტორად. ჩავაბარე გამოცდები და ვირიცხები თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტად. ყოველივე ეს, ჩემგან მოითხოვს მუყაითობას, გულდასმას და ინტენსიურ შრომას, მით უმეტეს, რომ სარჩენი და მოსავლელი მყავს დედა, მამიდა, უმცროსი და და ორი შვილი.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემს ფაქტიურ დანაშაულში ამომწურავად ვიყავი გარკვეული ჯერ დაპატიმრებამდე, ხოლო 16 წლის პატიმრობამ, ასაკმა და ასაკისმიერმა შეგნებამ საბოლოოდ დამანახვა ცხოვრების სწორი გზა და მგონი გამორიცხულია შესაძლებლობა, რომ აწმყოსა და მომავალში შესძლოს რაიმემ ჩემი გადაცდენა ამ სწორი გზიდან. სახელმწიფომ, სოციალისტურმა კანონიერებამ აღმადგინა მოქალაქეობრივ უფლებებში, გამამართლა, მომცა შრომისა და სასარგებლო მოღვაწეობის საშუალება და ცხადია, რომ ამას მე სათანადოდ უნდა ვუპასუხო.
ჩემმა წარსულმა, თექვსმეტი წლის პატიმრობამ, გასამართლებებმა, გაქცევებმა, სხვადასხვაგვარად უარყოფით ადამიანებთან იძულებით ურთიერთობამ დამიტოვა ძლიერ არასასურველი მემკვიდრეობა. მე დღემდე იძულებული ვარ ვიყო მათი ნაცნობი, ამხანაგი, ზოგ შემთხვევაში “მეგობარიც” კი და ხანდახან “თანამოაზრის” როლიც ვითამაშო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წარსულს ძლიერ მყარი წერტილი დავუსვი განთავისუფლების დროს (ფაქტიურად განთავისუფლებამდე კარგა ხნით ადრე). სამწუხაროდ დღემდე შემომრჩა ეგრეთ წოდებული “ნდობა” და გადაჭარბებული აზრი ჩემი რაღაც არარსებული ღირსებების შესახებ ჩემთან ნამყოფ თუ არნამყოფ პატიმრებს შორის. ამ მოკლე ხანში რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, როდესაც პროფესიონალური ქურდი – რეციდივისტი ისე გულთბილად მესალმება, დასალევად მეპატიჟება და სხვა, თითქოს მე მასთან ერთად სადმე დანაშაული ჩამედინოს, ანდა მისი ახლო მეგობარი ვყოფილიყავი ოდესმე. ხდება ისეც, რომ ჩემი თანამოსაუბრის ლაპარაკი დიდი ხნით ადრე გამოფიტული და გამომფულოტყავებული იდეოლოგიის პროპაგანდის დონემდე ადის. ყოველივე ეს ჩემში პროტესტს იწვევს, მაგრამ ზემოთხსენებული არასასურველი მემკვიდრეობის გამო, იძულებული ვარ ვისმინო და კვერიც კი დავუკრა ხოლმე.
არც თქვენ და არც ვისმე სხვას არ შევაწუხებდი ამგვარი წვრილმანებით, მაგრამ მიმდინარე წლის ივლისში მოხდა ერთი ძლიერ საყურადღებო რამე, რის შესახებაც მოვალედ ვთვლი ჩემს თავს აუცილებლად მოგახსენოთ. ყოფილმა პატიმარმა, ვინმე ალეკო მელაძემ, თბილისის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის მუშაკმა (ამჟამად), მაცნობა მისი და მისი ამხანაგების განზრახვა, მოახდინონ ტერორისტული აქტი საბჭოთა ხელმძღვანელის, ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვის მიმართ, როცა იგი (ალბათ) ჩამოვა საქართველოში, მომავალი წლის თებერვალში და მთხოვა აღმომეჩინა გარკვეული დახმარება.
მე ვუპასუხე, რომ დავეხმარები ან არ დავეხმარებოდი მაშინ, როდესაც გავცემ ჩემს თავს პოზიტიურ პასუხს: საერთოდ საჭიროა თუ არა ასეთი რამ, ასეთი პასუხი საჭირო იყო იმისთვის, რომ არც თანხმობა მიმეცა და არც უარი მეთქვა. რა თქმა უნდა, მე დაუყოვნებლივ ვაცნობე ამის შესახებ სახ. უშიშროების ხელმძღვანელ პირებს ამხ. ქავთარაძეს, შადურს, სანადირაძეს.
ჩემი აზრით, ზედმეტია მსჯელობა იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი. ეს მიმიყვანდა პათეტიკურ ფრაზებამდე. ვიტყვი მოკლედ. მე მოვიხადე ვალი, როგორც მოქალაქემ. გვერდს ვუქცევ ამ ამბის დაწვრილებით აღწერას. მგონია, რომ ზემოთხსენებული მუშაკები მოგახსენებენ გაცილებით სრულად და ამომწურავად, ვიდრე მე შემიძლია ეს. უმორჩილესად გთხოვთ და დაჟინებით მოვითხოვ საქმის მსვლელობაში არსად არ იყვეს ნახსენები ჩემი გვარი ან ვინაობა. ჩემის აზრით ჩემი, ასეთი სურვილი, იმდენად ჩემი პიროვნების უშიშროებას არ ემსახურება, რამდენადაც ელემენტარული კეთილგონიერებითაა განპირობებული.
მზეჭაბუკ ირაკლის ძე ამირეჯიბი
13 ოქტომბერი, 1960 წ.
ხრუშჩოვზე არშემდგარი ტერაქტის საქმე
1960 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ნიკიტა ხრუშჩოვზე ტერაქტის მზადების ბრალდებით სამი პირი დააკავა. შოთა, იგივე ოთარ მექვაბიშვილი, ალბერტ (ალეკო) მელაძე და აბრამ (აბრეკ) ბათოშვილი. მოგვიანებით ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრს – სტუდენტ აკაკი მდინარაძეს მიაგნეს და ისიც დააპატიმრეს. ხრუშჩოვი თბილისში 1961 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავთან დაკავშირებით უნდა ჩამოსულიყო.
ძიების მასალებით ინიციატორად, სპეციალობით ფეიქარი, დროებით უმუშევარი ოთარ მექვაბიშვილი მიიჩნეოდა. იგი 1960 წლის ივლისში ციხეში გაცნობილ ალეკო მელაძეს დაუკავშირდა და განზრახვა გაანდო. შემდეგ მათ შეემატათ მელაძის ძველი ნაცნობი, შრომა-გასწორების კოლონიაში გაცნობილი აბრეკ ბათოშვილი.
მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა მექვაბიშვილის შორეული ნათესავი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აკაკი მდინარაძე, რომელსაც თვითნაკეთი ბომბის დამზადებას შეეძლო. თავის ჩვენებაში მდინარაძემ განმარტა, რომ მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ღვინის დოქის ფსკერზე დაამონტაჟა.
ალეკო მელაძის სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო. მისი მამა დახვრიტეს, ხოლო დედა დააპატიმრეს და 10 წლით შორეულ ციმბირში გადაასახლეს. მოგვიანებით მელაძე თბილისის უნივერსიტეტში სწავლის დროს, უნივერსიტეტში ეროვნულ გამანთავისუფლებელი ჯგუფში გაერთიანდა. ამ ჯგუფის 9 წევრი, მათ შორის მელაძე, 1948 წელს დააპატიმრეს და 26 წლით პატიმრობა მიუსჯეს. მელაძე სასჯელს შორეულ კალიმაზე, ოქროს საბადებში იხდიდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1956 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად მელაძე საქართველოში დაბრუნდა.
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი იყო აბრეკ ბათოშვილიც. მას ჯერ მამა დაუპატიმრეს, შემდეგ კი – დედა; თავადაც იდევნებოდა, როგორც “ხალხის მტრის” შვილი. გეგმის თანახმად თავდასხმა ხრუშჩოვის თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას უნდა მომხდარიყო. ჯგუფების წევრებიდან ერთ-ერთს, ჰაერში ტყვიის გასროლით, სამთავრობო დაცვის ყურადღება უნდა გადაეტანა; მეორეს ამ დროს, სხვა მხრიდან, ხრუშჩოვის მანქანისკენ დანაღმული დოქი უნდა ესროლა. ხრუშჩოვის ლიკვიდაციის შემთხვევაში ჯგუფის წევრები რადიოთი უნდა გამოსულიყვნენ გასულიყვნენ და მომხდარის შესახებ ეცნობებინათ.
სასამართლომ ოთარ მექვაბიშვილს, როგორც ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორს, სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, ალეკო მელაძეს – 15 წლით, ხოლო აბრეკ ბათოშვილსა და აკაკი მდინარაძეს – 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისში სტუმრობისას ხრუშცოვს ქუჩაში დახვდა მექვაბიშვილის დედა და შვილის შეწყალება სთხოვა. ამ ამბიდან ცოტა ხანში, მექვაბიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელი შეუმსუბუქეს დაჯგუფების სხვა წევრებსაც. ხელისუფლებიდან ხრუშჩოვის წასვლიდან მცირე ხნის შემდეგ კი ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნებში ალეკო მელაძე არჩეული იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს 1991 დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
http://presa.ge/new/?AID=21492&m=society